weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შავი ზღვის უნივერსიტეტს პირველკურსელთა მიღებაზე შეზღუდვა მოეხსნა

16:39 შაბათი, 08 დეკემბერი 2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) პირველკურსელთა მიღებაზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტს მისაღებ სტუდენტთა კვოტა 3 500-მდე გაეზრდება.

IBSU-ს პირველკურსელების მიღება სექტემბრიდან შეეძლება, თუმცა, მანამდე უნივერსიტეტი აპირებს, განათლების სამინისტროს სპეციალური მობილობის გამოცხადების თხოვნით მიმართოს, რათა მეორე სემესტირდანვე შეძლოს იმ სტუდენტების მიღება, რომლებიც შეზღუდვის გამო, იძულებულნი გახდნენ სწავლა სხვა უნივერსიტეტებში გაეგრძელებინათ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც 1995 წელს თურქეთის ხელისუფლების ინიციატივით დაარსდა, სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება 2018 წლის აგვისტოში ერთი წლით შეუზღუდა.

აკრედიტაციის საბჭომ ამის მიზეზად სახელმწიფოს წინაშე უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა. საუბარი იყო 700 ათას ლარზე, რომელიც უნივერსიტეტს 2013 წელს საგადასახადო ჯარიმის სახით დაეკისრა. საბჭოს არგუმენტებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში დავა მიმდინარეობდა. ამის მიუხედავად, 26 აგვისტოს, უნივერსიტეტმა სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება სრულად დაფარა, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია. IBSU-სა და სახელმწიფოს შორის სასამართლო დავა ოქტომბრის ბოლოს შეწყდა.

იმ პერიოდში, როდესაც IBSU-ს სტუდენტების მიღება შეუზღუდეს, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს თამარ სანიკიძე ხელმძღვანელობდა. განათლების მინისტრის გადაწვეტილებით, სანიკიძე თანამდებობიდან 10 სექტემბერს გათავისუფლდა. 4 ოქტომბერს ცენტრის დირექტორად გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]