ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას განცხადებით, პოლიციელს გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მისთვის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.