19 წლის დ.გ. ქუთაისიდან იყო და თბილისში სწავლობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო.
ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კიდევ ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაშია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.
პოლიციამ გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ორი დღის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს „ნებისმიერ ფასად ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.
აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“, – აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“.