weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გოგო ყარაჯალიდან, რომელიც თემში წესებს ცვლის

12:40 ოთხშაბათი, 05 დეკემბერი 2018

ყარაჯალა დიდი სოფელია, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 6370 რეგისტრირებული ამომრჩევლით. წელს სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, უმაღლესში სწავლა კი მხოლოდ ერთმა გოგომ გააგრძელა: „განათლება ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ფეხზე იდგეს, საკუთარ თავსაც მიხედოს და ოჯახსაც, დამოუკიდებელი რომ იყოს“.  

გამვლელები მანქანებს აჩერებენ და გზის პირას, საცხოვრებელი სახლის კართან მდგარ დედა-შვილს ეკითხებიან: რა მოხდა, ცუდი ხომ არაფერია? ასეთი რეაქცია მათ ყურბანოვების სახლთან ჟურნალისტების დანახვაზე აქვთ.

„კარგადაა ყველაფერი. ჩემ გოგოს იღებენ“, - პასუხობდა თანასოფლელებს 50 წლამდე ასაკის სანდომიანი ქალი. აშკარა იყო, სიამოვნებდა, არჩევანი მის შვილზე რომ შევაჩერეთ.

ყოველ დილით, სოფლის თავში მიკროავტობუსს ელოდება. მარშუტკა 9 საათამდე თუ არ გამოჩნდა, ტაქსის გაჩერებას ცდილობს. რამდენიმე ტაქსი არ აჩერებს, მგზავრებით არის სავსე. ნერვიულობს, ლექციაზე არ დააგვიანდეს.

თამილა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ ენაში მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტია. აუდიტორიაში ხუთნი არიან. თამილა ყარაჯალიდან, არზუ ლაგოდეხის სოფელ კაბლიდან, ეშგინიც კაბლიდან, ფოლადი ყარაჯალიდან და ელტაჯ მარნეულის რაიონიდან.

თელავის უნივერსიტეტში პროგრამის სტუდენტთა შორის თამილა ქართულად ყველაზე გამართულად საუბრობს, დანარჩენებს უჭირთ:

„ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ. ჩემი მშობლები ასე ფიქრობდნენ და მეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა.

პირველ კლასში რომ შევედი, მე უკვე ვიცოდი ქართული ანბანი. დედა მასწავლიდა ქართულ ზღაპრებსა და ლექსებს.

ჩემს წარმატებაში სკოლას ძალიან დიდი როლი აქვს. სწავლის პერიოდში სკოლა ქართულენოვანი გახდა. რომ არა ქართული სექტორი, ნამდვილად გამიჭირდებოდა აქამდე მოღწევა. შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელზე გაზრდილი ყარაჯლელი გოგო ვარ“.

2018 წელს, საატესტატო გამოცდებში ყარაჯალის სკოლის 18 მოსწავლიდან 16 მონაწილეობდა, ატესტატი კი მხოლოდ თამილამ მიიღო, დანარჩენები ჩაიჭრნენ.

„ალბათ მეტი მოვინდომე, ვიდრე მათ. ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლებმა ცოდნა არ მოგვცეს. ისინი ბოლომდე იხარჯებოდნენ. ჩემი კლასელი გოგოებიდან ახლა ზოგი სამკერვალო საქმეს სწავლობს, ზოგს გეგმაში აქვს, რომ საატესტატო გამოცდები ჩააბაროს და სწავლა გააგრძელოს“.

წლების განმავლობაში სოფელ ყარაჯალაში მაღალია გოგონების მიერ სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი. 2011–2012 წლებში ყარაჯალის სკოლაში სწავლა 10–მა გოგონამ შეწყვიტა; 2012–2013 სასწავლო წელს 8 გოგონამ; 2013–2014 წლებში 3–მა გოგონამ; 2014 – 2015 სასწავლო წელს 5–მა; 2015-2016 წლებში 6-მა გოგონამ, 2016-2017 წლებში 7-მა; 2017-2018 წლებში 5-მა გოგონამ.

სწავლის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი ადრეულ ასაკში დანიშვნა ან გათხოვებაა. გათხოვების იძულების გამო, 2013-2014 წლებში, სოფელში თავი ორმა გოგონამ მოიკლა. მესამე ბავშვს, 13 წლის გოგონას, თვითმკვლელობამდე სკოლის მასწავლებლებმა მიუსწრეს და გადაარჩინეს.

ყარაჯალაში ისეთი შემთხვევებიც არის, როცა გოგონა 9 კლასამდე ან 9 კლასის შემდეგ სწავლას იმიტომ წყვეტს, რომ მშობლები მას სკოლაში აღარ უშვებენ, „ცოლად შერთვის მიზნით, არასასურველმა ბიჭმა რომ არ მოიტაცოს“.

„მადლობა ღმერთს, მე მყავს ისეთი ოჯახი, რომელიც ყველანაირად გვერდში მედგა, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ სწავლა უმაღლესში გამეგრძელებინა და შემდეგ ადგილი დამეკავა ამ თემსა და საზოგადოებაში. ამაში სკოლის დირექტორს, ელზა აშიროვასაც დიდი წვლილი აქვს. რა დროს გათხოვებაა, ჯერ უნდა ვისწავლო“, - ამბობს თამილა ყურბანოვა.

სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურდა, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, დედა მარტო არ დატოვა. ორი მიმართულება აქვს არჩეული, სამედიცინო ან სამართალი.

„ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განათლება, რათა ფეხზე იდგეს, საკუთარი თავიც არჩინოს და ოჯახიც. განათლებული ქალი უფრო თავდაჯერებულია, შეუძლია დამოუკიდებლად მართოს თავისი საქმიანობა.

ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს. მომავალს რას გავუგებთ, შეიძლება გოგონა გათხოვდეს, ვერ მორიგდნენ და გაყრა მოუწიოთ. ამის შემდეგ რით უნდა ირჩინოს თავი? განათლება და გამოცდილება რომ ექნება, რომელიმე სამსახურში მიიღებენ და ამით ფეხზე დადგება.

სახელმწიფო რომ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობას გვაძლევს, ძალიან კარგია. ეს პროგრამა რომ არა, ბევრი ბავშვი უნივერსიტეტის გარეშე დარჩებოდა ან სხვა ქვეყნებში წავიდოდნენ სასწავლებლად. მერე თუ დაბრუნდებოდნენ, ქართული ისევ არ ეცოდინებოდათ და ვერ დაიმკვიდრებდნენ ადგილს“.

2010 წლიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქართველოში უმაღლესი განათლება გამარტივებული წესით მიიღონ. ე.წ. „1+4 პროგრამა“ ითვალისწინებს ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარებას სომხურ აზერბაიჯანულ, აფხაზურ, ოსურ ენებზე და სათანადო ქულების დაგროვების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას. ახალგაზრდები 1 წლის განმავლოვაში გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდეგ, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში, სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტზე აგრძელებენ. სტატისტიკური მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული არაქართულენოვანი სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 2010 წელს პროგრამით მხოლოდ 247-მა სტუდენტმა ისარგებლა, 2018-ში 1231 სტუდენტი ჩაირიცხა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „1+4 პროგრამის“ ხელმძღვანელი ელენე ფილაშვილი იხსენებს, რომ ხშირად უმაღლესში სტუდენტი ქართული ენის ნულოვანი ცოდნით მიდის.

„ლაგოდეხის სოფელ კაბლიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამარჯობა არ იცოდა ქართულად, მაგრამ მათ შეძლეს და ისწავლეს.

ერთ-ერთმა ჩვენმა სტუდენტმა სწავლა ქართული ენის, ხოლო მეორემ ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელა. უნივერსიტეტი ორივემ წარმატებით დაამთავრა. სამწუხაროდ, არ არიან დასაქმებული, დაოჯახდნენ, თორემ ორივე დასაქმდებოდა. ჩვენი სტუდენტი, ალახვერდიევა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანულ სკოლაში დასაქმდა ქართული ენის მასწავლებლად.

ასეთი პრეცენდენტიც იყო, ჩააბარა ერთმა გოგონამ, მაგრამ პაპამ არ მისცა უფლება, სწავლა გაეგრძელებინა. ოჯახმა ასე გადაწყვიტა, აღარ ასწავლეს“.

ელენე ამბობს, რომ თამილა ყურბანოვა თემში არსებულ სიტუაციას ცვლის, სტერეოტიპებს ამსხვრევს, მისაბაძი გახდება თავისი თანატოლებისთვის, სახელმწიფომ კი ასეთ ახალგაზრდებს განათლების მიღების შემდეგ ხელი დასაქმებაშიც უნდა შეუწყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]