ახალი საბაჟო კოდექსით საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა. მთავრობის ინფორმაციით, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.
გაუქმდება რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია და რეექსპორტის განხილვა მოხდება როგორც საქონლის მარტივი დამუშავება. აღარ იქნება საჭირო რეექსპორტის დეკლარაციის წარგდენა და შესაბამისი საფასურის გადახდა.
იმპორტიორი სრულად დაიბრუნებს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილ იმპორტის გადასახადის თანხას, თუ ის იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში გავა ექსპორტზე.
გაჩნდება საბაჟო პროცედურის მფლობელის დეფინიცია და პროცედურის მფლობელის ცვლილების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული უფლებები გადაეცეს სხვა პირს.
საბაჟო ორგანოს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს გადამხდელზე, წინასწარ ეცნობება მას, გადამხდელის მხრიდან არგუმენტების გათვალისწინების მიზნით.
შეიქმნება გარანტიის ახალი სახე - თავდებობა. დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა საბაჟო ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს გარანტიის ახალი სახით - თავდებობით, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის.
გაჩნდება შესაძლებლობა პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში. ავტომატური დეკლარირება უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.
დეკლარანტის განცხადების საფუძველზე შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს პარტიაში შემავალი საქონლებისათვის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე. შესაბამისად, შემცირდება საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯი.
გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილისამებრ, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად.