ბავშვი წუხელ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბავშვს ქვემო ბოლნისში დღეს გადაასვენებენ.
„ჩემი შვილი სახლში სასტიკად ნაცემი მოვიდა. ყვიროდა რომ თავი სტკიოდა. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ, ერთი ნემსის გაკეთების შემდეგ კი კომაში ჩავარდა. ექიმების დასკვნით, მისი მდგომარეობა თავში მიყენებული ტრავმის შედეგი იყო. პოლიციამ იცის ამის შესახებ. დღეს ყველა დამნაშავე თავისუფალია. მეუბნებიან, რომ ასაკის გამო მათი დაკავების უფლება არ აქვთ, მაგრამ მინდა, რომ დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, – ამბობს გარდაცვლილის მამა, იდაიფ ბადალოვი „რუსთავი 2“-თან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ნოემბერში დაიწყო და სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოკითხვები ჩატარდა. ამ დროისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ.