„ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი. ყველაზე მეტად დღეს რაც გვჭირდება ჩვენ, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ქალაქს, არის ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი სიყვარული, იმიტომ, რომ დაიღალა საზოგადოება ამდენი სიძულვილით, ბოღმით, ერთმანეთის შეურაცხყოფით. მე მესმის, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად. უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება. ეს კატეგორიულად მიუღებელია, დარწმუნებული ვარ, ყველასთვის. არავის არ სიამოვნებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით. ამიტომ გვინდა, რომ მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც კახა კალაძემ თქვა, ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ საახალწლო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა.
„28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, საბავშვო და თემატური კონცერტები გაიმართება. საშობაო ბაზრობა მოეწყობა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნებაც იქნება შესაძლებელი. კონცერტებში ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. აქაც, ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას „იმისიანებად“ და „ამისიანებად“. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ დაახლოებით 500-მდე მონაწილე მიიღებს კონცერტებში მონაწილეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.