weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„16 წლის ქალები“

22:37 შაბათი, 15 დეკემბერი 2018
ფოტო © დარო სულაკაური, ფოტო ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე ფოტო © დარო სულაკაური, ფოტო ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე

საბინა მე-9 კლასშია (სახელი შეცვლილია). ერთი თვეა, რაც სკოლას აცდენს. დღეს, სოფლის კლუბში, სადაც ახლა საბანკეტო დარბაზია, ქორწილი აქვს.

ელზა მასწავლებელი სოფელში ბევრს არ უყვარს - „ის ჩამშვებია“. 15 წლის საბინას გათხოვებაზეც მიწერა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციას. ელზა ფრთხილობს - გასულ წლებში მისი სკოლის მე-9 კლასის ორმა მოსწავლე გოგონამ თავი მოიკლა. მესამეს პედაგოგებმა მიუსწრეს. სამივე შემთხვევაში მშობლები ბავშვებს იძულებით ათხოვებდნენ.

საბინას საქმეზე სოფელში ჩასულ სოციალურ მუშაკს გოგონას მშობლებმა უთხრეს, რომ შვილი მხოლოდ დანიშნეს. ბავშვზე ზრუნვის ორგანოს წარმომადგენელს გოგონას დედის ხელწერილიც აქვს - „ვიდრე საბინა სკოლას არ დაამთავრებს, ქმარს არ გაატანენ“.

სოციალურმა მუშაკმა ელზა მასწავლებელს უსაყვედურა კიდეც - „უსაფუძვლო შეტყობინებისთვის“.

რამდენიმე დღეში, სოფლის კლუბში მისული პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი სიძე-პატარძლის მშობლებმა სუფრასთან მიიწვიეს. უთხრეს, რომ „საბინა უკვე ქალია“ - გოგონა ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე 16 წლის გახდა.

გამოძიება ფორმალურად, მაგრამ დაიწყო. გამომძიებლის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, დასჯადია სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში: „გოგონას პასპორტი მაქვს ხელთ, ის ახლა 16 წლისაა“.  

კანონი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

2016 წელს, აღნიშნული მუხლით 250 სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, დაზარალებულის სტატუსი კი 189 არასრულწლოვანს მიენიჭა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კახეთშია (55 შემთხვევა), ქვემო ქართლში (50 შემთხვევა), იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (46 შემთხვევა), სამეგრელო-ზემო სვანეთში (31 შემთხვევა).

გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, საქართველოში 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება სრულად აიკრძალა, მაგრამ კვლავ მაღალია ბავშვის დაბადებისას არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა.

„ეს რიცხვები ცხადყოფს სკოლებს, პოლიციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის კოორდინაციის სისუსტეს, რასაც ამ უწყებებს ე.წ. რეფერირების მექანიზმი ავალდებულებს“, - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა - ქორწინების იძულება

მე-9 კლასის მოსწავლე იყო 15 წლის გულნარაც (სახელი შეცვლილია), როცა მეზობლად გაათხოვეს. ელზა მასწავლებლის შეტყობინების შემდეგ, გოგონას მშობლებმა სოციალურ მუშაკს განუმარტეს, რომ შვილი დანიშნეს, მაგრამ ისევ მათთან ცხოვრობდა (აჩვენეს კიდეც) და სკოლაში სწავლასაც გააგრძელებდა. ელზა მასწავლებელს „უსაფუძვლო შეტყობინების“ გამო ამ შემთხვევაზეც უსაყვედურეს. გულნარა ახლა ორსულადაა, სკოლაც მიატოვა.

ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, დანიშვნა - ადრეულ ასაკში ქორწინების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ტრადიციის მიხედვით, დანიშვნას უმეტესად მშობლები წყვეტენ, ზოგიერთ შემთხვევაში ისე, რომ შვილებს არც ეკითხებიან.

ყარაჯალის სკოლის პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ იძულებითი ქორწინების მოტივაცია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ბიჭის ოჯახი გოგოს ოჯახს ფულს ან საქონელს აძლევს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის არქივში იძებნება ინფორმაცია ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული საქმის შესახებ, როცა ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში, მამამ 16 წლის გოგონა 45 წლის კაცზე დანიშნა, სანაცვლოდ კი, სიძემ სიმამრს 10 ძროხა მისცა. იმის გამო, რომ გოგონა ამ გარიგების წინააღმდეგი იყო, სახლიდან გაიპარა და ცოლად სხვას გაჰყვა.

ზოგჯერ დანიშვნა ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების „ლეგალიზების“ გამოც ხდება.

ფარვინა (სახელი შეცვლილია) 15 წლის იყო, როცა მეგობრის დაბადების დღეზე იუბილარის ძმას მოეწონა. ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. გოგონა გათხოვებაზე ჯერ არ ფიქრობდა, მაგრამ მშობლებმა მალევე დანიშნეს, რომ მეზობლებისა და ნათესავებისგან მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლოდა.

საპირისპირო სქესის მოზარდთან შეხვედრა გოგონებს თუ „ჩრდილს აყენებს“ და „სახელს უფუჭებს“, თემში ფიქრობენ, რომ „ბიჭებისთვის ეს სასახელოა“. ამიტომაც, მშობლებს მიაჩნიათ, რომ დანიშვნით თუ გათხოვებით, გოგონებს „სახელის გატეხვისგან“ იცავენ და „პატრონს აბარებენ“.

საერთაშორისო სამართლით, იძულებითი ქორწინება ადამიანის უფლების უხეში დარღვევაა. საქართველოში ქორწინების იძულება დასჯადი 2015 წელს გახდა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს, იძულებითი ქორწინების მუხლით გამოძიება 6 შემთხვევაში დაიწყო, საიდანაც 5 შემთხვევაში შეწყდა, ხოლო სასამართლოს არცერთი საქმე არ განუხილავს.



სკოლის მიტოვება

ადრეულ ასაკში ქორწინების გამო, გოგონების გარდა, დამამთავრებელ კლასებში სკოლას ბიჭებიც ტოვებენ.

2016-2017 სასწავლო წელს სტატუსი შეუჩერდა 5713 არასრულწლოვანს, მათგან 3454 ბავშვს სავალდებულო საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე, ხოლო 2259 მოსწავლეს საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ.

სტატუსის შეჩერების მიზეზებიდან ყველაზე ხშირია საზღვარგარეთ წასვლა (1695 შემთხვევა), თუმცა დეტალური ინფორმაცია გამგზავრების მიზნის შესახებ არ მოიპოვება; მოსწავლე ზედიზედ არ ცხადდება 90 სასწავლო დღე (1256 შემთხვევა); კანონიერი წარმომადგენლის განცხადება (1006 შემთხვევა).

რეგიონებიდან სკოლის მიტოვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში (1259), აჭარასა (441) და კახეთშია (511).

„კანონით სავალდებულოა, რომ ბავშვმა 9 კლასის განათლება მიიღოს. ცხრა კლასის დასრულების შემდეგ მშობლებს შეუძლიათ წაიყვანონ - ზოგი ამბობს, რომ კოლეჯში უნდა ასწავლოს; ზოგი უცხოეთში წასვლით ხსნის. უფრო მეტნი ამბობენ, რომ თბილისში გადადიან საცხოვრებლად, ლილოს ბაზრობაზე ვაჭრობენ და ბავშვსაც იქვე მიიყვანენ სკოლაში. არიან ისეთებიც, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ბავშვს არ სურს სწავლის გაგრძელება - ოჯახში დახმარება სჭირდებათ, მოხუცებს მოვლა, სახლის საქმე და ა.შ. ვიდრე ბავშვი სკოლაშია, ვცდილობთ მის დაცვას შესაძლო ძალადობისგან. აქედან გაყვანის შემდეგ, არასრულწლოვანი თითქმის დაუცველი რჩება“, - ამბობს ელზა აშიროვა, ყარაჯალის სკოლის დირექტორი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილის, დალი მოსიაშვილის თქმით, ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა ნებისმიერ მოქალაქეს ან ორგანიზაციას შეუძლია:

„2015-2016 წლებში ძალიან დიდი მომართვიანობა იყო ადრეულ ასაკში ქორწინებაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, ვითარება გაუმჯობესდა. სოციალური მუშაკები კარდაკარ დადიოდნენ და თვითონ ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ ეს საზიანო და დასჯადია. ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს არასამთავრობო ორგანიზაცია „Word Vision“-ც ატარებს თემთან, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებთან“.

ყარაჯალაში თელავის მუნიციპალიტეტის მერიას ორი თანამშრომელი ჰყავს. ჯალალ აბდულაევი სპეციალისტად 8 წელია მუშაობს. ვერცერთ შემთხვევას ვერ იხსენებს, როცა სოფლის გამგეობიდან სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ან პოლიციისთვის უცნობებიათ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის შესახებ: „არის შემთხვევები, რომ ადრე ათხოვებენ, 16 წლიდან. ჩვენ არ ვმუშაობთ ამ თემაზე, ვინაიდან უფრო სკოლას ეხება. სოფელი დიდია და ძნელია მოძიება. საერთოდ არასწორად მიმაჩნია არასრულწლოვნის გათხოვება, მაგრამ ეს ოჯახზეა დამოკიდებული - ზოგს ეშინია არ გაიტაცონ, ძალით არ წაიყვანონ. ბოლო დროს გატაცების ფაქტები იმდენად აღარ არის, მაგრამ ადრე იყო. მშობლის შეგნება იმ დონეზე უნდა მივიდეს, რომ სასურველი არ არის 15 წლის გოგო გათხოვდეს. ეგ არის გამოსავალი“.

ადრეულ ასაკში ქორწინებისა და 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებებზე, პოლიცია სკოლების გარდა სამედიცინო დაწესებულებებიდანაც იგებს. ბოლო სამ თვეში, მხოლოდ კახეთში მინიმუმ 5 ბავშვი დაიბადა ისე, რომ ორსული სამშობიარო სახლში არ წაუყვანიათ. მათ შორის, ორი გოგონა 16 წლის არის. ოჯახის წევრები ექიმებისთვის მიმართვას თავს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით არიდებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]