პროკურატურის ცნობით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თავდასხმის დღეს, ბრალდებული მივიდა ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი კ. კ.-სთან და ბ. თ.-სთან ერთად ხვდებოდა.
„ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილისა და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ამ დროს, ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილის, კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს, ხოლო შემდეგ ორჯერ - ირაკლი ოქრუაშვილს.
ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აღნიშნული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს. მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.