weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

EMC პროკურატურას მოუწოდებს, ველისციხეში მომხდარი ინციდენტი გამოიძიოს

16:18 ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პროკურატურას მოუწოდებს გამოძიება დაიწყოს გუშინ, 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის მომხდარ ინციდენტზე.

EMC-ის განცხადებით, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა მნიშვნელოვანი კონსტიტუციური გარანტიაა და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები არა მხოლოდ არ უნდა ერეოდნენ ამ უფლებით სათანადო სარგებლობაში, არამედ ხელს უნდა უწყობდნენ მანიფესტაციების მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩატარებას.

„უდავოა, რომ გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის, ორგანიზებულად, მანიფესტაციის ადგილამდე მისვლა, ამ უფლებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და აქციის მონაწილეთა გადაადგილებისთვის არაგონივრული ბარიერების შექმნამ, საერთო ჯამში, შეიძლება სწორედ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა გამოიწვიოს. აქვე, ნათელია, რომ ინაუგურაციის და ამ ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელთა დასწრების საკითხები, უსაფრთხოების და პროტოკოლის სპეციალური წესების მოქმედებას შეიძლება გულისხმობდეს, რაც გარკვეულ შეზღუდვებთან ან წესების ცვლილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

16 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის სრულყოფილი სამართლებრივი შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურ ანალიზს:  

არსებობდა თუ არა ალტერნატიული, გონივრული მარშრუტი თელავის მიმართულებით როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ადგილობირვი მაცხოვრებლებისთვის;

ასეთი მარშრუტის არსებობის შემთხვევაში, იყო თუ არა ეს გზები ვარგისი და თავისუფალი დამატებითი ბარიერებისგან;

იყო თუ არა საზოგადოება წინასწარ, გონივრული ვადით ადრე, ინფორმირებული კონკრეტული გზის გადაკეტვის და ალტერნატიული მარშრუტების არსებობის შესახებ, მათ შორის, ქონდა თუ არა შსს-ს კომუნიკაცია შეკრების ორგანიზატორებთან აღნიშნულის თაობაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თელავის მიმართულებით არსებული საგზაო შეზღუდვების შესახებ პირველი განცხადება, 16 დეკემბერს, დილით გააკეთა. განცხადებაში სამინისტრო არ უთითებდა რაიმე ალტერნატიული მარშრუტის არსებობაზე და არ განმარტავდა როგორ იყო შესაძლებელი თელავის მიმართულებით უსაფრთხოდ, დაბრკოლებების გარეშე, გადაადგილება. ჩვენთვის უცნობია, იყო თუ არა რაიმე წინასწარი, დამატებითი კომუნიკაცია, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე, თუმცა პრობლემურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისიტრომ საზოგადოების ინფორმირება, გონივრული ვადით ადრე, ალტერნატიული გზების შესახებ არ მოახდინა, რამაც შესაძლოა შემდგომი ინციდენტების განვითარებას შეუწყო ხელი. 

მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებებში და უკვე ინციდენტის ადგილზე, შსს-ს წარმომადგენლები, განმარტავდნენ რა გზებით იყო შესაძლებელი თელავამდე ჩასვლა. ამასთან, ტელევიზიებში, ისევე როგორც სოციალურ ქსელებში, განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდებოდა ამ გზების ვარგისიანობის და მათზე დამატებითი ბარიერების არსებობის შესახებ, რასაც დამატებითი შესწავლა სჭირდება.

ნათელია, რომ პროცესის არასაკმარისი ორგანიზების ან/და წინასწარი, სათანადო კომუნიკაციის არარსებობის პირობებში, წარმოიშვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ინციდენტები, რისი თავიდან აცილებაც, პოლიციის მხრიდან შეკრების სწორი ორგანიზების და მართვის პირობებში, შესაძლებელი იყო.

შემდგომში, სიტუაციის დეესკალაციის გეგმის და ვითარების ადამიანის უფლებების სასარგებლოდ გადაწყვეტის სტრატეგიის არაარსებობამ, მძიმე ფორმები მიიღო და შედეგად აქციის მონაწილეთა და პოლიციელთა ფიზიკური დაზიანებები მოყვა.

ასევე, შეუძლებელი გახდა წინასწარ დაანონსებული შეკრების გამართვა“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ინციდენტები მძიმედ აისახება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, ასევე პოლიციის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობაზე, რომელიც პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, ადამიანის უფლებების დაცვითა და პატივისცემით უნდა მოქმედებდეს.

„შემდგომი სამართლებრივი შესწავლის და გამოძიების საკითხია აქციის მონაწილეების და პოლიციელების დაზიანებების საკითხი. მიგვაჩნია, რომ პოლიციელთა დაზიანებების საკითხზე დაწყებული გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურამ უნდა აწარმოოს. შინაგან საქმეთა მინისტრი გუშინ მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მისივე უწყებაში ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ინციდენტზე, მათ შორის, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს პოლიციის ქმედებების კანონიერება გადაადგილების და შეკრების თავისუფლებაში შესაძლო ჩარევის შესახებ, ასევე, აქციის მონაწილეთა და პოლიციელების მიერ მიღებული დაზიანებების საკითხი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]