weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასამართლომ გურამ დონაძეს და სხვა ბრალდებულებს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა

15:33 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2004 წელს თბილისში მოკლული 19 წლის ბუტა რობაქიძის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი დამანაშავედ ცნო.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 5 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გურამ დონაძეს, ასევე ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს. ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ოთხივე მსჯავრდებულს აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და ორი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სასამართლომ ის 30 მარტს, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბუტა რობაქიძე თბილისში, წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს, პატრულის თანამშრომელმა გიორგი ბაშალეიშვილმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მთავარმა პროკურატურამ გამოძიება განაახლა. პროკურატურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ წინა ხეწლისუფლების დროს გამოძიება მიკერძოებული და არაობიექტური იყო.

„გამოძიება ცდილობდა არა რეალური სურათის დადგენას, არამედ არსებული ხელისუფლების სურვილის დაკმაყოფილებას, რათა არ მომხდარიყო საპატრულო პოლიციის იმიჯის შელახვა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ: თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლი - ზურაბ მიქაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - გურამ დონაძე, თბილისის ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - დავით იაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი - ირაკლი ფირცხალავა, ამავე პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსი - ალექსანდრე გვაზავა , ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი - ლევან გვაზავა და თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსი - ზაზა ბაქრაძე.

აღმოაჩინეს რა, რომ დაკავებულებს არ გააჩნდათ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა,

ზურაბ მიქაძემ, ზაზა ბაქრაძემ, გურამ დონაძემ, ირაკლი ფირცხალავამ, დავით იაშვილმა და ალექსანდრე გვაზავამ გადაწყვიტეს ცეცხლსასროლი იარაღების შემთხვევის ადგილზე მიტანა და ჩალაგება, რათა საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ცრუ ინფორმაცია, თითქოს ბუტა რობაქიძის მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის გასანეიტრალებლად მოხდა. 

სწორედ ამიტომაც ბუტა რობაქიძის მკვლელობა მის ლიკვიდაციად მოინათლა. ზურაბ მიქაძემ და ზაზა ბაქრაძემ შემთხვევის ადგილზე მიიტანეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალები გადაუნაწილეს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძეს და მის მეგობრებს. ამის შემდეგ, გურამ დონაძის მითითებით და ინსტრუქტაჟით, წინასწარ მომზადებული შემთხვევის ადგილი გადაიღეს დონაძეს დაქვემდებარებული სამსახურის ოპერატორის ვიდეოკამერით და ამგვარად მოპოვებული მასალა გაავრცელეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ვიდეომასალა, რომელიც, ფირცხალავას თქმით, ადასტურებდა, თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს, დამონტაჟებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]