weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეების დასაქმებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

10:40 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება. შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში.

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები.

შეთანხმებით, წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის, საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირებაზე, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით. IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით. 

ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]