ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე დათვალიერების შემდეგ, პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.
მოგვიანებით სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ ჩონჩხის ფრაგმენტები მე-8 საუკუნეში მცხოვრები, ანუ დაახლოებით 1300 წლის წინათ გარდაცვლილი ადამიანისა იყო და მხოლოდ არქეოლოგიური ღირებულება ჰქონდა. ამ გარემოების დადასტურების შემდეგ პოლიციამ დაწყებული გამოძიება შეწყვიტა.
იურისტების თქმით, აღნიშნული ფაქტი შეიძლება შეფასდეს როგორც კურიოზული შემთხვევა, რადგან პოლიციას შეეძლო თავიდანვე მოეწვია ადგილზე შესაბამისი სფეროს სპეციალისტები და მათი მეშვეობით დაედგინა, იყო თუ არა აუცილებელი გამოძიების დაწყება.
მათივე განმარტებით, ასევე კურიოზულია საქმისთვის მინიჭებული კვალიფიკაციაც. „წარმოუდგენელია, რომ 13 საუკუნის სიძველის მქონე სხეულის ფრაგმენტები დაუკავშირო თვითმკვლელობამდე მიყვანას. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის მანკიერი ხასიათი, როდესაც ადამიანის გვამის ან სხეულის ნაწილების აღმოჩენისას, გამოძიება უმეტესად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იწყება. საქმე იმაშია, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს სტატისტიკურ მონაცემებში რაც შეიძლება მცირე იყოს მძიმე დანაშაულების რაოდენობა“, - აცხადებს იურისტი გელა შაშიაშვილი.