სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 20 და 21 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პანკისის საჯარო სკოლების 20 პედაგოგისა და დირექტორისთვის საგანმანათლებლო სემინარი იმართება. პედაგოგები ეცნობიან ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებს.
„გვექნება ორდღიანი ძალიან ინტენსიური მუშაობა პედაგოგებთან, ხოლო თებერვალში ვაპირებთ, რომ ამ მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მომზადდეს სპეციალური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ისინი უკვე ადგილზე გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი, როგორ მუშაობენ ევროკავშირის ინსტიტუტები და რაც მთავარია, რას ნიშნავს ევროკავშირთან ჩვენი ასოცირება, რა სარგებელი აქვს მას ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
„მთელი საქართველოს მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ყველას უნდა ესმოდეს ამ პროცესის მნიშვნელობა და ყველას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ინფორმაციაზე.
ამ მხრივ, პანკისის ხეობაში ბევრი აქტივობა არ იყო, ამიტომ ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და რა თქმა უნდა, სამომავლო გაგრძელებაც ექნება“, – აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.
პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებს პანკისელი პედაგოგების გადამზადებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროგრამის მეორე ეტაპზე პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.