ვლადიმერ ბოჟაძის და მარიამ შელეგიას განცხადებით, ისინი სამართლიან გარემოში არ არიან, რაც იმით არის განპირობებული, რომ თამარ ჟვანია ცესკოს მოქმედი თავმჯდომარეა.
„ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს ის 12 წევრი, რომლის თავმჯდომარეც არის თამარ ჟვანია. ეს საკანონმდებლო კაზუსია. ცუდია, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს თავად ცესკოს წევრები ირჩევენ. არათანაბარი პირობებია“, – აღნიშნა შელეგიამ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული. კენჭისყრამდე, თავმჯდომარეობის კანდიდატები კომისიის წევრებს საკუთარ ხედვას გააცნობენ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია თავმჯდომარისა და 11 წევრისაგან შედგება. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად ცესკოს წევრია. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის 2/3-ით. თუ ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩა, მას პარლამენტი იმავე კანდიდატურებისგან 7 დღის ვადაში ირჩევს.