„შემოყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.
ანალიზებით დადგინდა, რომ ქალბატონს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გრიპის ვირუსი და ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ დაინფიცირებულნი.
პირველადი მონაცემებით, დადასტურებული A ტიპის ვირუსი. გარკვეული დროის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი. წელს H1N1 ვირუსის შემთხვევა კლინიკაში არ გვქონია“, – აცხადებს საავადმყოფოს დირექტორი.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია. იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.
„ბოლო ორი კვირაა გრიპის მაგვარი დაავადების საკმაოდ ინტენსიური მატებაა. ამავე დროს, ყველა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, არის H1N1. ძალიან იშვიათად გვხვდება H3N2. წინა კვირის მონაცემებით, ავადობა 185 იყო 100 ათასს მოსახლეზე. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 100 ათასს მოსახლეზე 450-ია. რჩევა მინდა მივცე მოსახლეობას, რომ გრიპიან ბავშვებს ნუ გაუშვებთ სკოლაში, ბაღში და უფროსები ნუ წავლენ სამსახურში, რადგან ვისაც მსუბუქად აქვს და დადიან სხვადასხვა ადგილებში, სწორედ ისინი ავრცელებენ ვირუსს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.