weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა

16:56 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018
ფოტოზე გიორგი მიქაუტაძე ფოტოზე გიორგი მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაასახელა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი, რომელთაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი „მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა“.

„ვფიქრობთ, რომ ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებს და პრინციპებს, რომლის მიხედვით შეირჩევიან მოსამართლეები სასამართლოში - კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა. მივიღეთ გადაწყვეტილება და შევჯერდით გარკვეულ კანდიდატებზე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დასახელებულნი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

იუსტიციის საბჭოს სამმა არამოსამართლე წევრმა -ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დანარჩენმა წევრებმა კი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს ნაზი ჯანეზაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ამ სიას არ დაამტკიცებს.

„გიორგი მიქაუტაძემ სხდომაზე თქვა, რომ მათ კონსულტაციები ჰქონდათ მოსამართლეებთან, ანუ საბჭოს მოსამართლე წევრებმა გასულ კვირაში მოილაპარაკეს და წარმოადგინეს ეს სია.

საინტერესო ის არის, რომ ამ სიაშია თავად გიორგი მიქაუტაძე თავისი თავი თვითონ დაასახელა; ამ სიაშია მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც უკვე წლებია სასამართლო სისტემის არაფორმალური ლიდერია და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე აცხადებდეს პრეტენზიას.

მე ვარ გაოგნებული საბჭოს წევრების უტიფრობით, რომელთაც ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ და საჭიროდ არ ჩათვალეს პასუხი გაეცათ ჩვენს პროტესტზე“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ჯანეზაშვილის შეფასებით, მთელი ეს პროცესი ნდობას არ იწვევს. მისივე თქმით, არამოსამართლე წევრებმა წინასწარ არც კი იცოდნენ, ვის დასახელებას აპირებდნენ მათი კოლეგები დღევანდელ სხდომაზე.

„სიაში მყოფი ადამიანები, როგორც მინიმუმ, სხდომაზე უნდა მოსულიყვნენ, გასაუბრება უნდა ყოფილიყო, მათი ბიოგრაფიები უნდა გვქონოდა. ეს არის სერიოზული პრობლემა. არანაირი პროცესი არ ყოფილა. რამდენიმე კვირის წინ ვამბობდი, რომ საბჭოს შეუძლია ნებისმიერი კანდიდატი დაასახელოს-მეთქი და ნამდვილად ასე მოხდა. მქონდა მოლოდინი და სურვილი, რომ ნამდვილად იქნებოდა ეს შანსი გამოყენებული და ისეთი ადამიანები მოხვდებოდნენ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც ამას იმსახურებენ“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]