„ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. აქ მოდიან უცნობი ადამიანები და პირდაპირ აცხადებენ, რომ სოფელში მათ ასაღებად მოდიან. ჩვენთვის მიუღებელია ის, რაც აქ ხდება. გვინდა დავიჭიროთ ის ადამიანები, ვინც აქ ნარკოტიკებს ყიდის“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „რუსთავი 2“-თან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.