„გირჩის“ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. „გირჩმა“ ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა.
„პარტიის დაფინანსების მიზნით „გირჩი“ აუქციონს აწყობს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს, 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა. აუქციონი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე, ხოლო მეორე - პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ჩატარდება. შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში“, – აცხადებენ პარტიაში.
„გირჩის“ ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე – http://japara.ge/ge/auction – არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გირჩს ყველაზე დიდი თანხა 100 ლარი შესწირეს, ყველაზე მცირე კი ერთი თეთრი.