weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემთვის საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ – მეუფე პეტრე

23:54 პარასკევი, 28 დეკემბერი 2018

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ 27 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე „დეკანოზი გიორგი მამალაძის, როგორც უდანაშაულო პატიმრის“ და ზოგადად, „ციანიდის საქმის“ შესახებ საუბრის საშუალება არ მიეცა.

„სინოდის წინა სხდომის განჩინების შესაბამისად, მაშინ, როდესაც  საქართველოში ყველა ინსტანცია დასრულდებოდა, სინოდი აუცილებლად შეეცდებოდა შეექმნა კომისია ამ საქმისთვის. არა თუ კომისიის შექმნაზე იყო საუბარი, წმინდა სინოდს, მითვისებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია. ჩვენ შეგვეძლო, როგორც საეკლესიო სასამართლოს, ისე გვემსჯელა იმ ცინიზმზე და უსამართლობაზე, რაც დავინახეთ აეროპორტში მამაოს უკანონო გატაცებიდან მოყოლებული. შემდეგ იყო უპასუხისმგებლო განცხადებები მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისა, რომლებიც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველო გადაარჩინეს დიდ არეულობას. შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ მამაო, თურმე, მიდიოდა გერმანიაში, ჩინოვნიკების მიერ მაღალ სასულიერო იერარქად მოხსენიებულ პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად იმ მიზნით, რომ ამ მკვლელობას ჩაიდენდა, მიემალებოდა ქართულ მართლმსაჯულებას, დაიმალებოდა გერმანიაში, მაგრამ დაელოდებოდა თანამდებობრივ დაწინაურებას. ეს არის აბსოლუტურად უტიფარი, სამარცხვინო და ცინიკური დამოკიდებულება.

ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ვალდებულია თავისი სამოციქულო მისია შეასრულოს და ამხილოს უსჯულოება და დაგმოს დასაგმობი უსჯულოება ქვეყანაში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე - მღვდელმთავრებს შორის ვინ იყო ე.წ. ციანიდის საქმეზე კომისიის შექმნის წინააღმდეგი, მეუფე პეტრემ უპასუხა:

„კომისიის შექმნამდე არ მისულა საქმე. ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია, წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და „ციანიდის საქმე“, რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის თემის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ სხვა საკითხებზე.

ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე ამაზე საუბარი, პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს, რომელთაც მიმაჩნია, რომ დათვური სამსახური გაუწიეს მას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ... გუშინ ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ... მაცხოვარი საუბრობს მწყემსი კეთილობაზე და მღველმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან, რომელიც მზად არის სული დადოს სხვათათვის“, – აღნიშნა მეუფე პეტრემ.

მიტროპოლიტმა დეკანოზი გიორგი მამალაძის დაპატიმრება და საპატრიარქოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ 1983 წლის თვითმფრინავის გატაცების საქმეს შეადარა.

„გავიხსენე ის ფაქტი, რომ საბჭოეთის ეპოქის საქართველოს ეკლესიამ ვერ დაიცვა მისი უდანაშაულო მღვდელი. მაშინ ბევრი კრიტიკა წამოვიდა ამის გამო. ისიც კი გვითხრეს, რომ პატრიარქმა ბრეჟნევს მისწერა წერილი. აღმოჩნდა, რომ ბრეჟნევი იყო უკვე გარდაცვლილი და საბჭოთა კავშირს ანდროპოვი მართავდა. ანდროპოვთან მიმართებაში არანაირი წერილი არ არსებობს.

ვმოქმედებ აბსოლუტურად ცივი გონებით ღმერთის, სამშობლოს, დედა ეკლესიის და მოყვასის სიყვარულის ცნებებით, რაც ჩემი უპირველესი მოვალეობაა. ამიტომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს განცხადებაზე. მე არავის ვუპირისპირდები. ვუპირისპირდები ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობას, ფარისევლობას, სირაქლემას მდგომარეობაში ყოფნას, უპრინციპობას და მოყვასის სიყვარულის მცნების არ შესრულებას.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ვადარებ 1983 წელს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებისგან ვერ დავიცავით უდანაშაულო მღვდელი“, – აღნიშნა ჭყონდიდელმა პიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ურიგო არ იქნებოდა, რომ პარლამენტის წევრებმა ე.წ. ციანიდის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი, ისტორიული საქმე. ქართველმა ერმა უნდა იცოდეს სიმართლე“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]