weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს ადასტურებს, რომ ბადრაგირების დროს ბრალდებული გაექცათ

11:12 შაბათი, 24 ივნისი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებული პირი, 1992 წელს დაბადებული ბ.კ. პოლიციის თანამშრომლებს ბადრაგირების დროს გაექცათ.

„მიმდინარე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შს სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში თავს იკავებდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება:

მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.

პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც დაზარალებულმა დავით როსტომაშვილმა და მისმა ქალიშვილმა, ქეთევან როსტომაშვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, ეს არ არის პირველი გახმაურებული შემთხვევა, როცა პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი გაექცათ. 2015 წლის 2 თებერვალს, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაში იყო ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ. სამდღიანი ძებნის შემდეგ გაქცეული პატიმარი, შს სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს. ინსპექტორ -გამომძიებლებს რომლებსაც პატიმარი გაექცათ, 2 წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]