weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში 8.5 კგ „ჰეროინის“ უკანონოდ შემოტანა აღვკვეთეთ – შსს

17:43 პარასკევი, 04 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „სადახლოს“ ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

ჭელიძის თქმით, ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცავებმა 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

„ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა. იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - „ბუპრენორფინის“ შემცველი 130 აბი „სუბოტექსი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მისივე თქმით, შსს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]