სამინისტროში აცხადებენ, რომ სწავლის დაწყების გადადების გადაწყვეტილება სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობისა და მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციის გათვალისწინებით, შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - აცხადებენ სამინისტროში.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყენონ.
„სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.