weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან თანხა ისევ „თიბისი ბანკს“ მოხმარდა – ადვოკატი

01:46 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

ადვოკატ ზვიად კორძაძის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 11 წლის წინ ნასესხები თანხა ბანკის ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ბანკი გადასარჩენი იყო, რის გამოც არა 17 მილიონი აშშ დოლარი, არამედ 80 მილიონამდე იქნა მობილიზებული.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თქვა, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს.

„არავინ არავის არაფერს არ ედავება. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს ორდღიანი ისტერია, რომელიც შექმნილია და ამას ხელოვნურობის ფონი გასდევს, რადგან არავის ბრალი წაყენებული არ აქვს. პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საბუთები.

ეს ტრანზაქცია არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა.

აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას კონკრეული კითხვები გაუჩნდა, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება.

პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი თვითონ დასახელებაა, რითიც მიმდინარეობს საქმის წარმოება - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რაც თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია, რადგან საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან.

გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი.

მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ „თიბისი ბანკს“ მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორ დღეში. რაღაც რომ გათეთრდეს, ის შავი ხომ უნდა იყოს, სახეზეა ბანკში კონკრეტული ტრანზაქცია გამჭვირვალედ, რომელიც ფიგურირებს ყველა გადარიცხვაში, არაფერი დამალული არ ყოფილა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 9 იანვარს, მთავარმა პროკურატურამ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M“-მა, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

„კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა.

2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M“-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M“-ის ვალი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]