Qartli.ge-ის ცნობით, სოფელში 1990-იანი წლების დასაწყისამდე ძირითადად ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა. ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ადგილობრივებმა სოფელი დატოვეს. 2002 და 2014 წლების აღწერის მიხედვით, იქ არავინ ცხოვრობს. არსებული ინფორმაციით, დრეში მიტოვებულ სახლ-კარს ზაფხულობით მხოლოდ ერთი ოჯახი აკითხავს.
დრის შესახებ Qartli.ge-მ ინფორმაცია საბჭოთა სტატისტიკის კრებულშიც მოიძია. აღმოჩნდა, რომ არსებობდა დრის სასოფლო საბჭო, რომელშიც სხვა პატარა სოფლები შედიოდა. მაგალითად, 1940 წელს საბჭოში 244 კომლი ირიცხებოდა, რომელიც ნაწილდებოდა შემდეგ სოფლებზე: სიქალეთი - 36 კომლი; ლევიტანა - 22 კომლი; ველები - 18 კომლი; ურიული - 20 კომლი; დრე - 58 კომლი; სანდისი - 22 კომლი; დიდი წერეთი - 34 კომლი; იკნევი - 34 კომლი.
1987 წლამდე კომლთა რაოდენობა თითოეულ სოფელში შემცირდა. მოსახლეობის უმრავლესობა ბარის სოფლებში გადავიდა. შემცირებული დასახლებების ნაწილი ატენის სასოფლო საბჭოს შეუერთეს, ნაწილი - ქვახვრელს და ა.შ. 1987 წლის მონაცემებით, დრის მოსახლეობა 14 კომლს შეადგენდა.
ენციკლოპედიის მიხედვით, დრე ისტორიული სოფელია. ის თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1420 მეტრზე მებარეობს. დრე გორიდან 28 კილომეტრშია.
„დრე“ პირველად მოიხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) ტანის ხეობის სოფელთა სიაში. იგი გარკვეულ როლს ასრულებდა ქართველი ხალხის მიერ გარეშე მტრის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, იცავდა ატენს მტრის შემოსევისგან.
XIX საუკუნის 40-იან წლებში დრეში მოქმედებდა ანდრეევსკის ტყავის ქარხანა. 1863 მაისში მებატონე ერისთავებმა დრის გლეხებს გადასახადი გაუზარდეს (შეაწერეს 2000 მან. და 45 კაპ.). გლეხებმა უარი განაცხადეს გადასახადის გადახდაზე, რისთვისაც მთავრობამ სოფელში ეგზეკუცია ჩააყენა, მოსახლეობა ააწიოკა და აიძულა ისინი დამორჩილებოდნენ მებატონეს.