როგორც დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაავადებების რაოდენობა მცირდება, თუმცა ისეთ შემთხვევებში, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, მძიმედ მიმდინარეობს.
„ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან გაიზარდა 845-მდე და თუკი გუშინ 39 პაციენტი იყო რეანიმაციულ განყოფილებებში, დღევანდელი მაჩვენებლებით ეს რიცხვი 44-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება.
დღეის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების შემთხვევა არის 13. თითოეული მათგანი დიდი ტრაგედიაა და არასწორად მიმაჩნია, თითოეულის ჭრილში ვისაუბროთ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ზოგადად, ეს არის ერთი მხრივ თანმდევი დაავადებები და მეორეს მხრივ, ის გარდაუვალი გართულებების პროცენტი, რაც არის 0,3%, რაც გრიპის წილად მოდის მთლიანი გარდაცვალებების სტატისტიკაში, ხოლო ბოლო არის გვიანი მიმართვა ექიმისადმი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობითა და ავადობის სტრუქტურით საქართველო ისეთ ქვეყნებთან ერთადაა, როგორებიცაა ისლანდია, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი და თურქეთი.
„დაახლოებით იგივეა დაავადებულთა რაოდენობა 100 ათას სულ მოსახლეზე, ასევე სტრუქტურა. ჩვენთან დომინირებს, 98% გამომწვევებიდან, H1N1 - კონკრეტული სახეობა, რომელსაც წინა წლებში „ღორის გრიპს“ ეძახდნენ. საშუალო ევროპული მაჩვენებელი არის 71%“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ბოლო გახმაურებული შემთხვევა გუშინ, თბილისში დაფიქსირდა. 22 წლის ქალი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.