ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ჯილდო გადაეცათ იმ გემის ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც 2017 წლის 17 აპრილს, იტალიაში, კუნძულ ლამპედუსადან 80 მილის მოშორებით, 200 მიგრანტი გადაარჩინეს.
საზღვაო-საგანმანათლებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს საზღვაო აკადემიის ემირიტუსი პროფესორები. ერთწლიანი სტიპენდია გადასცეს საზღვაო აკადემიის ორ სტუდენტს.
მეზღვაურებს პროფესიული დღე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიულოცეს.
„დღეს საქართველოს 10 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დროშებით ცურავენ და ასობით გემზე შრომობენ თავისი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მსუბუქი და მარტივი შრომა. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ თვეობით იყვნენ თავიანთი ოჯახების გარეშე. გვესმის, რომ დაუფასებელია ამ ადამიანების წვლილი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი კანონმდებლობა მაქსიმალურად დაუახლოვდეს დასავლეთ ევროპის საუკეთესო მაგალითებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 500 მეზღვაურია.
25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის დიპლომატიურმა კონფერენციამ 2010 წელს გამოაცხადა.