რადიო „მარნეულის“ წყაროს ცნობით, ქალს, რომელიც დაოჯახებულია, მიმოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. რადიო სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფოტოების შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, ქალი დაჭრეს.
ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები გულმკერდის და კისრის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გუშინ დაჭრილის დედა და ძმა გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სამართალდამცავებმა დედა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.