"შეჯიბრზე ვიყავით სპორტსმენები. გარეთ მოხდა შელაპარაკება და შემდეგ დაცვამ გაისროლა იარაღი. ამის შემდეგ გამოვედით და ვნახეთ სისხლი და დაჭრილები. ორი სპორტსმენია, დანარჩენები - მხარდამჭერები", - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. არსებული ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მას სავარაუდოდ საძილე არტერია აქვს გადაჭრილი. დანარჩენი სამი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.
უცნობია, თუ რა გახდა სპორტსმენებსა და მათ გულშემატკივრებზე თავდასხმის მიზეზი. მომხდართან დაკავშრებით პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბოლო 24 საათში ეს თბილისში მომხდარი მეორე თავდასხმაა. გუშინ, გვიან საღამოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 27 წლის მამაკაცი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.