როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, წინა კვირის მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი შემცირებულია.
„ავადობის მაჩვენებლის ოდნავ კლების ტენდენცია გრძელდება. პიკი გვქონდა დეკემბრის ბოლო კვირაში - 100 000 მოსახლეზე 277. მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 41% იყო. ავადობის მაჩვენებელი იანვრის მეორე კვირას 100 000 მოსახლეზე 253 შემთხვევა გვაქვს. 31%-ზე ჩამოვიდა მწვავე რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. საგრძნობლად შემცირდა ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და 46%-დან 26%-მდე ჩამოვიდა. ამავე დროს შემცირდა სასწრაფოს გამოძახებისა და სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გრიპის გართულების პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოხდეს.
„ქვეყანაში ვირუსული დაავადებების სამკურნალო პრეპარატების საკმარისი მარაგი არსებობს, რომელიც მოსახლეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მეშვეობითა და ფარმაცევტული სექტორის მეშვეობით მიეწოდება. ერთ კვირაზე მეტია, ჯანდაცვის 5 დაწესებულება აქტიურად მუშაობს, 24-საათიან რეჟიმში, ასევე გახანგრძლივებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობა ქუთაისსა და ბათუმში. ამ პერიოდში ძირითადად აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონი დაზარალდა“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.