„მეპატრონემ, ვისგანაც ფართი გვაქვს დაქირავებული, გვითხრა, რომ ქონებას ყიდის და ხელშეკრულებას ვეღარ გაგვიგრძელებს. თანხა ძალიან დიდია და ჩვენ მაგას ვერ შევწვდებით, თან სივრცე პატარაა და ახალგაზრდები ვერ ვეტევით. ამიტომ, გადავწყვიტეთ მიწის ნაკვეთის შეძენა და ცოდნის კაფეს აშენება“, - ამბობს ცოდნის კაფეს დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.
ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტსაც არაერთხელ სთხოვეს მხარდაჭერა, ცოდნის კაფესთვის ფართი რომ გამოეყოთ, მაგრამ უშედეგოდ.
40 ათასი ლარი, რომლის შეგროვებასაც დამფუძნებლები და მოხალისეები სოციალური კამპანიის საშუალებით იმედოვნებენ, ცოდნის კაფესთვის მიწის შეძენას მოხმარდება. ახალგაზრდებმა 4500 ლარი უკვე შეაგროვეს. თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ცოდნის კაფე წნორში 2016 წელს შეიქმნა. დაბაში, სადაც 6000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, არ ფუნქციონირებს კულტურის სახლი, თანამედროვე ბიბლიოთეკა, ახალგაზრდული ცენტრი, არ არის მოწყობილი და განვითარებული სპორტული ინფრასტრუქტურა.
ახალგაზრდები თავისუფალ დროს ქუჩაში ატარებდნენ, ახლა კი, ცოდნის კაფეში ყოველკვირეულად იმართება კინოჩვენება, ახლადგამოცემული წიგნების განხილვა, დისკუსია ახალგაზრდებისთვის გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით. ცოდნის კაფეში ახალგაზრდები გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც.
ცოდნის კაფე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის და სამოქალაქო განათლების ფონდის მხარდაჭერით დაარსდა.