„14 იანვარს საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც სამი ახალგაზრდა – ბაქარ ზივზივაძე, გიორგი ხარატიშვილი და ნიკუშა ჭანტურია ემსხვერპლნენ. აღნიშნულ გზაზე ძალიან ხშირია საავარიო შემთხვევები და არაერთი დასრულდა ფატალურად, თუმცა საზოგადოების ინერტული დამოკიდებულების გამო რეალობა არ შეცვლილა და აღნიშნული გზა დღემდე საფრთხის შემცველია.
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე არ არსებობს სიჩქარის შემზღუდველი და მარეგულირებელი არცერთი ნიშანი.
16 იანვარს, 12:00 საათზე ქუთაისის ყინულის მოედნიდან ვიწყებთ სამგლოვიარო-საპროტესტო მსვლელობას უბედური შემთხვევის ადგილამდე. აქცია-მსვლელობა ეძღვნება გარდაცვლილი ახალგაზრდების ხსოვნასა და უსაფრთხოების რეგულაციების მოთხოვნას იმ უწყებებისგან, რომელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს საგზაო-სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ მსვლელობის ორგანიზატორები.
14 იანვარს, გვიან ღამით, ქუთაისიდან 5 კილომეტრში, „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ავტომობილში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიწვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.