პროექტი ჯამში 33 000-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.
სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.
კანონპროექტის მიზანია, ფინანსური ტვირთისგან გაათავისუფლოს და გარკვეული შვება მოუტანოს სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და მათ ოჯახებს, რომლებსაც ჯარიმისა და მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავები მძიმე ტვირთად აწევთ.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ შეწყვეტს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (25 825 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 438 397,11 ლარი), პენსიონერების (3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი), შშმ პირების (2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 400 522,93 ლარი), ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების (1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 052 344,49 ლარი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების (135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი) მიმართ.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.