საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება როგორც საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ასევე ტექნო პარკი, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.
მიხეილ ბატიაშვილმა, რომელმაც დედაქალაქის მერთან, კახი კალაძესთან ერთად „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობის დაწყებას დღეს საფუძველი კაფსულის ჩადებით ჩაუყარა, განაცხადა, რომ ახალი საგანამანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა - სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საფეხურს მოიცავს.
კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე, 129778,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაიწყება და პირველ ეტაპზე, ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება.