ბრალდებულების ადვოკატის, თამარ ჯაფარიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
„აღნიშნული ბრალი 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვითხოვთ, აღკვეთი ღონისძიების არც ერთი სახეობა არ იქნეს გამოყენებული და ალტერნატივის სახით გირაო იქნეს შეფარდებული“, – აღნიშნა ადვოკატმა.
16 იანვარს, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანი გუშინ დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილის ქუჩა N8-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე „ყაზტრანსგაზის“ ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.
„ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია“, – აცხადებენ შსს-ში.