გემი, რომელიც ამ დრომდე ლიბიაშია, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის. გემზე კიდევ ორი ქართველია დასაქმებული. როგორც დავით რაზმაძის ახლობლები ამბობენ, ქართველმა მეზღვაურებმა მათ უთხრეს, რომ რაზმაძის გემიდან ჩასვლა არ ფიქსირდება.
„7 იანვარს დაიკარგაო, მწერს კომპანია. როდესაც თურქი შემცვლელი ჩავიდა, გემზე არავინ დახვდა. როგორც თქვეს, ჩაერია ლიბიის პოლიცია, მერე აქ, შინაგან საქმეთა სამინისტროში და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განცხადება დავწერე. ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა. არ ვიცით, ცოცხალია თუ მკვდარი“, – ამბობს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში დაკარგული ახალგაზრდის ბიცოლა ნინო ლაბაძე.
სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განუცხადა, რომ მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 იანვარს მიიღეს.
„შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში Misurata, 7 იანვარს, ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე მოახდინოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.