weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„არა ქიმიურ ტერმინალს“ – ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებენ

10:49 ორშაბათი, 21 იანვარი 2019
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია-მსვლელობა გაიმართა. დემონსტრაციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის პორტში გადაწყვეტილია ქიმიური ტერმინალის აშენება, რომელიც ქალაქს ეკოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვატო ნებურიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ტერმინალის მშენებლობაზე უარს არ იტყვის.

„ჩვენ, 10-12-მა კაცმა შევძელით ამდენი ხალხის მოყვანა. ხვალ, ზეგ ათი ამდენი გახდება. აქციები გაიმართება ვიდრე საბოლოო შედეგს არ მივიღებთ და ხელისუფლება ოფიციალურად უარს არ იტყვის ამ პროექტზე“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი.

გუშინდელი აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე „ანტიქიმიური კარავი“ გაშალეს და განცხადეს, რომ ტერმინალის მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაციას 24-საათიან რეჟიმში მიაწვდიან. ისინი ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ ხელმოწერებსაც შეაგროვებენ.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება ორ თვეშია დაგეგმილი. შესაბამისი ხელშეკრულება 14 იანვარს გაფორმდა და მას ხელს აწერენ კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის აქციონერი დიმიტრი აბდუშელიშვილი, ამერიკულ კორპორაცია Trammo-ს წარმომადგენლობა და ბათუმის პორტის დირექცია.

კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით.

„ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოგისტიკური დერეფნის შექმნას“, – აღნიშნულია Wondernet Exspress Investment Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბათუმის პორტიდან მხოლოდ ქიმიური ნივთიერება კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება, რაც გარემოსთვის და ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის დასადასტურებლად ორი დღის წინ, აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა, როგორც თავად თქვა, კარბამიდი შეჭამა. მგალობლიშვილის თქმით, ვინც ტერმინალის მშენებლობას ეწინააღმდეგება, საქართველოს ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგიც არის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატს მიაჩნია, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დაფინანსებულ კამპანიას აწარმოებენ.

„ეს არის ირიბად რუსული პროპაგანდა, დაფინანსებული კამპანია. აი, ეს არის ზუსტად ის ნივთიერება, რისი ტერმინალიც ბათუმში უნდა აშენდეს და რაც უნდა გადაიზიდოს და რაც მე პირდაპირ ეთერში შევჭამე. აი, ამის გადაზიდვაზეა მხოლოდ საუბარი და არანაირ სხვა რამეზე. დანარჩენი არის საკითხის უტრირება, არის ტყუილი.

ეს არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც დაფინანსებულია. ორგანიზატორს ვთხოვ დაასახელოს ის ფინანსები, რითაც ამ კამპანიას ახორციელებენ, ბანერებს აკრავენ, სივრცეებს ქირაობენ და საიდან მოდის ეს ფული, დაასახელონ. ეს არის საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი. ქვეყანა ამით მიიღებს 25 მილიონ შემოსავალს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან და „არავის დაკვეთას არ ასრულებენ“.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]