weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის ტერიტორიის დასატოვებლად 3 დღე მისცეს

18:06 სამშაბათი, 22 იანვარი 2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წერილშია აღნიშნული, გარემოვაჭრეებმა ამ პერიოდის განმავლობაში უნდა აიღონ თვითნებურად განთავსებული სავაჭრო ობიექტები და საგნები.

„პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მიღებული იქნება დემონტაჟის გადაწყვეტილება და ტერიტორიის იძულებითი გათავისუფლება. ხოლო იმ პირების მიმართ, ვინც ახორციელებს უნებართვო ობიექტების განთავსებას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც გარემოვაჭრეებს დღეს გააცნეს.

გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ არსად წავლენ. ისინი საპატრიარქოსგან ითხოვენ, სხვა მონასტერში გადაიყვანონ ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული, რომელიც მათი საქმიანობის წინააღმდეგია.

„წინააღმდეგ შემთხვევაში ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და აქციებს საპატრიარქოსთანც გავმართავთ“, – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე „რუსთავი 2“-თან.

მამა კონსტანტინე ჭინჭარაულმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეკლესიასთან გარევაჭრობას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯვრის მონასტერთან ხდება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის კათილმოწყობის სამუშაობი უნდა დაიწყოს, რის გამოც გარემოვაჭრეებს ამ ტერიტორიის დატოვება მაინც მოუწევდათ.

„უნდა გაკეთდეს დიდი პროექტი. უნდა მოწესრიგდეს ტაძრის შიდა ეზო, ინფრასტრუქტურა, პარკირების ადგილი. ამ პროექტს იწყებენ სულ მალე და ამიტომ, მაინც მოხდებოდა გარემოვაჭრეების გაყვანა“, – განაცხადა ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა.

მცხეთის მერის, გიორგი კაპანაძის თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზეა, ამიტომ მერიას უფლება არ აქვს, გარემოვაჭრეობაზე ნებართვა გასცეს.

მამა კონსტანტინე ჭიჭარაულის გადაწყვეტილებით მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვრიდან სამი დღის განმავლობაში მრევლისა და ტურისტებისთვის დაკეტილი იყო. როგორც მონასტრის საძმომ განმარტა, ისინი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ უკანონო გარევაჭრობის პრობლემის მოგვარებას. „ადგილობრივი ხელისუფლება გვპირდებოდა მის გადაწყვეტას, თუმცა შედეგი დღემდე არ დამდგარა“, – აღნიშნულია საძმოს განცხადებაში. მათივე თქმით, ტაძრის დაკეტვა იყო უკიდურესი ფორმა, რითიც პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სცადეს.

მონასტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც, რომელმაც ხელისუფლებას მიმართა, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე გარემოვაჭრეთა საქმიანობას ცივილური სახე მიეცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]