weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმეზე – გვარამია

18:05 პარასკევი, 25 იანვარი 2019

„პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ ვიცით, მუქარებიც იყო. ეს არის სრული კატასტროფა, შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე მისი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ დავით ერაძის სახლზე სროლასთან დაკავშირებით.

დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე იპოვეს. ნიკა გვარამია მომხდარს ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებაზე ჟურნალისტის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს უკავშირებს. ტელეკომპანიის დირექტორი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სროლის ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვს.

„აი, ასეთი არიან მათ მიერ წახალისებული მოძალადეები, რომლებიც 5000-ლარიანი გირაოთი დადიან გარეთ და ახდენენ ჟურნალისტებზე თავდასხმების ორგანიზებას. მე წინასწარ ვერავის ვერ დავადანაშაულებ, მაგრამ

აბსოლუტურად ცხადია, პირადად ჩემთვის, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდებოდა მის სკანდალურ რეპორტაჟს ე.წ. მოჭიდავეების საქმესთან დაკავშირებით.

უმკაცრესი იქნება ჩვენი რეაგირება და მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, იყოს ადეკვატური. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მთლიანად გადავა მათი პასუხისმგებლობის სფეროში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბს ასახავს. ვიდეომასალის მიხედვით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ევროპის ორგზის ჩემპიონს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახეში მუშტს ურტყამს. ამ დროს მას ხელში სავარაუდოდ ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს.

ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, 22 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გეგა გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით დააკავა. შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გუშინ იმსჯელა და ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

გეგა გეგეშიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]