„დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია მობილური ტელეფონი, სადაც აღნიშნული ვიდეოკადრები ინახება. გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დასადგენად.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულმა მოქალაქეებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ღირებული ინფორმაცია მიაწოდეს. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ.
მისივე თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.