weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

მეუფე ილარიონი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ეკლესიების საფრთხეზე არ საუბრობდა – საპატრიარქო

10:28 შაბათი, 02 თებერვალი 2019
ფოტოზე მიტროპოლიტი ილარიონი ფოტოზე მიტროპოლიტი ილარიონი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას ესმის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. საპატრიარქო აცხადებს, რომ მეუფე ილარიონისგან განმარტება მიიღეს.

„გადაცემაში„ეკლესია და მსოფლიო“ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის (ალფეევი) ინტერვიუს იმ ნაწილმა, სადაც მეუფე საქართველოს თემატიკას ეხება, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა მთელს საზოგადოებაზე, რადგან იგი აღქმულ იქნა ერთგვარ უხეშ ზეწოლად და დავალდებულებად.

ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლად გამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოჰყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა პირდაპირი პასუხი არ გასცა და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად, შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს.

შევნიშნავთ იმასაც, რომ მიტროპოლიტმა ილარიონმა, სრულიად არასწორად გააკეთა აქცენტი კრეტის კრებაზეც და დიპტიხთან დაკავშირებითაც.

მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდასაჭერად არავისთვის მიუმართავს.

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე-6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი – მე-9-ზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის.

P.S. როგორც ახლახან საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებმა მოსკოვიდან შეგვატყობინეს, ისინი შეხვდნენ მიტროპოლიტ ილარიონს და სთხოვეს განმარტება ინტერვიუსთან დაკავშირებით.

მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც, ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას, მათ შორის, საქართველოსაც და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე.

გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არც ერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიაში ესმით, რა შეიძლება დაემუქროთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში.

„ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს ავტოკეფალია ე.წ. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო.

მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს ე.წ. ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება“, – ამბობდა მიტროპოლიტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]