„ზუსტად რა ბრალდება აქვთ წარდგენილი, არვიცი, არ გვაქვს ინფორმაცია. ყველასთან კომუნიკაციის დამყარება ვერ მოვახერხე. ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ამბობენ, რომ მათ უბრალოდ მიიღეს ინბოქსში ეს ფაილები და მათ ნაწილს ნანახიც კი არ აქვს ის. ამიტომ ეს ბრალდებები, რომელსაც საჯაროდ აცხადებენ, თითიდან გამოწოვილია.
ცხადია, უნდა დაისაჯოს ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც ეს ფაილები ატვირთა და მასობრივად გაავრცელა. თუ სახელმწიფო აპირებს დასაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ფაილი მიიღო და შეიძლება ნახა, მათ მოუწევთ ათასობით ადამიანის დასჯა.
მთავარია, პოლიტიკური მიზანი, ვიღაცას უნდოდა ამ ფაილის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ის ადამიანია დასასჯელი.
გასაგებია, ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს ეს საქციელი. ჩემი აზრით, ამორალური საქციელია, მაგრამ ამის გამო ადამიანების დასჯას თუ დავიწყებთ, ამ ქვეყანაში ათობით ათასი ადამიანია დასასჯელი. ამ ათობით ათასიდან 16 ადამიანს თუ არჩევენ, ეს არის შერჩევითი სამართალი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გუშინ დააკავა. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
„ჩანაწერის გამავრცელებლების მიმართ მოთხოვნილია პატიმრობა, ხოლო იმ პირების მიმართ, ვინც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს, მათ მიმართ მოთხოვნილია გირაო. უმრავლესობა მათგანი თვითონ ცდილობდა ამ ვიდეოჩანაწერის მოპოვებას. არიან ადამიანები, რომლებმაც ის მეგობრებისგან და სხვადასხვა პირებისგან მიიღეს, აღნიშნული ჩანაწერი უკანონოდ შეინახეს, არ განაცხადეს პოლიციაში და ჰქონდათ საკმაო დროის განმავლობაში“, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.
სისხლის სამართლის კოდქსის მიხედვით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.