„პირველი მარტიდან, შესაძლოა სავაჭრო ობიექტებზე თაროების დაცარიელება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაიწყოს. ასევე, შესაძლოა ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორი კომპანიების ზარალმა ასეულობით ათას ლარს გადააჭარბოს“, – აცხადებენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში.
მათივე ინფორმაციით, 22 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელმაც „ცხადყო, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა მოლოდინი რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით განსხვავებულია“. დისტრიბუტორთა ასოციაციის განცხადებით, არსებობის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საჭიროებს დაზუსტებას და შეჯერებას, რათა თავიდან იქნას აცილებული საჯარიმო სანქციები.
„ადგილობრივმა მწარმოებელებმა და იმპორტიორმა კომპანიებმა რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უზრუნველყვეს ტიპოგრაფიული საბეჭდი ფორმების ე.წ. კლიშეების შეკვეთა. თითოეულის ღირებულება ინდივიდუალურად, თითოეულ პროდუქტის სახეობაზე მერყეობს 1500-დან 2000 აშშ დოლარამდე. ახალი რეგულაციის პირობებში, საბეჭდი ფორმები საჭიროებს შეცვლას, რაც კომპანიათა დიდი ნაწილისთვის წარმოადგენს ასეულობით ათასი ლარის ღირებულების დამატებით ხარჯს.
კომპანიებმა შეუკვეთეს და დაბეჭდეს ასეულობით ათასი თერმული ეტიკეტი, რომელიც, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად დაბეჭდვამდე განვლილი კონსულტაციებისა, არის გამოუსადეგარი.
ამ პროცესს ასევე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს ტექნიკურ რეგლამენტში განხორციელდა ცვლილება N519 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად გამოუსადეგარი აღმოჩნდა ასეულობით ათასი ლარის ღირებულების კლიშეები და უკვე დაბეჭდილი ეტიკეტები.
პრობლემური საკითხები წარმოიშვა ასევე „ასაწონი“ პროდუქციის მიმართ, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება.
არ არსებობს სახელმძღვანელო ინსტრუქცია ინსპექტორისთვის, გარდა ტექნიკური რეგლამენტისა და ინსპექტორის მიერ ადმინისტრაციული სახდელის/ჯარიმის გამოწერა მოხდება პირადი შეხედულებით/აღქმით/შეფასებით.
სავალდებულო დასატანი ინფორმაციის მიმართ არსებობს მთელი რიგი კითხვები, რომლებიც საჭიროებს სააგენტოს მხრიდან ოფიციალურ განმარტებებს, რათა კომპანიებმა მიიღონ პასუხები და თავიდან იქნას აცილებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის გათვალისიწნებული მოსალოდნელი ჯარიმები“, – ნათქვამია საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაცია წერილობით მიმართავს პრემიერ-მინისტრს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, ბიზნეს სექტორს მიეცეს დამატებითი დრო და შესაბამისი განმარტებები ტექნიკური რეგლამენტით გათვალისიწნებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2019 წლის 1-ლი მარტიდან, ეტიკეტის საშუალებით მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ახალი რეგულაციით დარეგულირდება. სააგენტოს განმარტებით, რეგულაციის მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს გაყიდვაში არსებული სურსათის შესახებ და ამით მათი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას შეუწყოს ხელი. ახალი რეგულაციით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია. მათ შორის, სავალდებულოა ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით; ეტიკეტზე ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ.