შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, პირველ თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს. გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გ.ვ. დააკავეს. გამოძიების თანახმად, 31 იანვარს, ქუთაისში, გ.ვ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან ბ.ჭ.-ს.
„ასევე, დადგინდა, რომ აღნიშნულ ფაქტამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში გ.ვ., სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თანასწორუფლებიანობას ურღვევდა ბ.ჭ.-ს, რამაც არსებითად ხელყო ამ უკანასკნელის უფლებები. გამოძიება, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ძალადობისა და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 142-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეებში აქტიურად არის ჩართული და ახორციელებს მონიტორინგს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში ობიექტურად წარიმართოს.