2014 წლის 1-ელ მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მომსახურების სააგენტომ ვადა ექვსი თვით, 2019 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა.
„მართვის მოწმობების შეცვლის ვადებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინფორმაციო არხის საშუალებით, მომსახურების სააგენტომ არაერთხელ მოახდინა მოქალაქეთა ინფორმირება და არაერთი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. მათ შორის, ყველა ფიზიკურ პირს, რომლის სახელზეც ირიცხება აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობა, კუთვნილი მობილურის ნომერზე გაეგზავნა პირადი შეტყობინება. ასევე, ყველა იურიდიულ პირს, რომლის მფლობელობაშიც იყო აღნიშნული კატეგორიების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები, გაეგზავნა ოფიციალური წერილი. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემო აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის“, – აცხადებენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას 1-ლი მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ.