მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც 20 მასწავლებლისა და დირექტორისგან შემდგარი ჯგუფი ბრიუსელიდან დაბრუნდა. ბახტაძემ ხაზი გაუსვა პედაგოგების სასწავლო ვიზიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მთავარი მისწრაფებაა.
„ჩვენი მიზანია, დავუბრუნდეთ ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს, შესაბამისად, თქვენი ვიზიტი სიმბოლურთან ერთად ძალიან შინაარსობრივია, ვინაიდან გქონდათ საშუალება, თქვენი თვალით გეხილათ ევროპელების განწყობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა პედაგოგებს პროექტში „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის“ წარმატებული მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცეს.
პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში 3-7 თებერვალს შედგა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის სტრუქტურებსა და ნატოს შტაბ-ბინაში, ასევე ბელგიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი განათლების სისტემის გაცნობა და ევროპული გამოცდილების გაზიარება იყო.