weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ზაქარია ქინქლაძეს და ამავე საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

22:22 შაბათი, 09 თებერვალი 2019
ფოტოზე ზაქრია ქინქლაძე ფოტოზე ზაქრია ქინქლაძე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსს ზაქარია ქინქლაძეს და ამავე საქმეზე დაკავებულ 4 პირს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ზაქარია ქინქლაძეს ბრალი ედება ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმოს, შპს „ქისტაურის“ დირექტორისგან, რამაზ ლეფსვერიძისგან ქრთამის სახით 2500 ლარის აღება იმის სანაცვლოდ, რომ მისთვის ხე-ტყის უკანონო ჭრისას და რეალიზაციისას მფარველობა გაეწია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსისთვის, ბესიკ შუბითიძისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით არიან დაკავებულები სახერხი საამქროს, შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი, გიორგი არჩუაშვილი და გოჩა ფშავლიშვილის ძმა ვაჟა ფშავლიშვილი, რომელიც მელიორაციის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია. ბრალდების მიხედვით, გოჩა ფშავლიშვილმა ხე-ტყის უკანონო მოჭრასა და რეალიზაციაში მფარველობის სანაცვლოდ, სამმართველოს უფროსს ბესიკ შუბითიძეს 3000 აშშ დოლარი გადაუხადა და ქრთამის სახით თანხის გადახდას ყოველთვიურად დაპირდა.

ზაქარია ქინქლაძისთვის ქრთამის მიცემის გარდა, რამაზ ლეფსვერიძეს ბრალი ედება ბესიკ შუბითიძისთვის, ასევე ქრთამის სახით 8000 ლარის მიცემაში.

სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ მხოლოდ გოჩა ფშავლიშვილმა სცნო. მან დაადასტურა, რომ ბესიკ შუბითიძეს ნამდვილად გადასცა ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარი. რამაზ ლეფსვერიძეს ბრალდებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

გიორგი არჩუაშვილმა განაცხადა, რომ მას არც ქრთამი შეუთავაზებია ვინმესთვის და არც გადაუცია. რაც შეეხება ვაჟა ფშავლიშვილს, დაადასტურა, რომ ბესიკ შუბითიძეს იცნობდა და ძმას, გოჩა ფშავლიშვილს მან შეახვედრა და გააცნო.

ზაქარია ქინქლაძემ პროცესზე აღნიშნა, რომ ის სამმართველოს უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია. ქინქლაძის ადვოკატის, ბიჭიკო ზუბაშვილის განმარტებით, ბესიკ შუბითიძე რამაზ ლეფსვერიძეს, მისგან ქრთამის აღების შემდეგ ავალებდა, რომ მფარველობის სანაცვლოდ 2500 ლარი ზაქარია ქინქლაძისთვისაც გადაეცა. საქმის მასალების მიხედვით, ლეფსვერიძემ შუბითიძეს უთხრა, რომ ქინქლაძე მისი მეგობარი იყო და ქრთამს ვერ მისცემდა, რაზედაც შუბითიძემ მას უთხრა, რომ მაშინ საქმე არ გამოვიდოდა. ადვოკატ ზუბაშვილის განმარტებით, შუბითიძემ ლეფსვერიძე აიძულა, რომ ქინქლაძისთვის 2500 ლარი მიეცა. პროცესზე გაირკვა, რომ 5 თებერვალს, თანხის გადაცემის მომენტი ფარული კამერით თავად ბესიკ შუბითიძემ გადაიღო. ადვოკატისვე თქმით, რამდენიმე წუთში ქინქლაძემ ლეფსვერიძეს თანხა უკან დაუბრუნა.

დღეს გამართულ პროცესზე დადასტურდა, რომ საქმის მთავარი მოწმე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსი ბესიკ შუბითიძეა. დოკუმენტების მიხედვით, შუბითიძემ სუს-ს 17 იანვარს მიმართა და აღწერა, რომ მას ქრთამს სთავაზობდნენ და რეაგირება ითხოვა. შუბითიძეს იმავე დღეს აქვს დადებული სუს-თან საიდუმლოდ თანამშრომლობის გაუთქმელობის ხელწერილი.

პროცესზე ზაქარია ქინქლაძემ აღნიშნა, რომ შუბითიძე მისგან პოლიციის უფროსის დაჭერის მიზნით, მის ფარულ გადაღებას ითხოვდა, რაზეც ქინქლაძემ უარი თქვა.

ასევე, გაირკვა, რომ ბესიკ შუბითიძე თანამშრომლებს ფარულად იღებდა და იწერდა იქამდეც, ვიდრე სუს-ს ოფიციალურად მიმართავდა. ადვოკატების თქმით, უკანონოდ განხორციელებული ფარული ჩანაწერები კი სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებებად არის წარმოდგენილი.

ადვოკატებმა ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება მოითხოვეს, მათ შორის ვაჟა ფშავლიშვილს თავდებში უდგებოდნენ მელიორაციის სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები, რაც სასამართლომ არ გაიზიარა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 აპრილს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]