შემთხვევა 9 თებერვალს, საღამოს მოხდა. როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, პატიმარმა საკნის საპირფარეშოში სცადა თავის ჩამოხრჩობა. მომხდარს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველო იძიებს.
„მსჯავრდებული N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა. იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
მათივე ცნობით, 2009 წელს შ.შ-ს 33 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2014 წელს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო 2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმეზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მსჯავრდებული მიმდინარე წელს რამდენიმე დღე შიმშილობდა – ითხოვდა განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, ასევე გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.