„ჩვენი მეგობარი რაღაც არაადეკვატურად იქცეოდა და გადავწყვიტეთ, რუსთავის კლინიკაში წაგვეყვანა. გადასხმა და ანალიზები გაუკეთეს, რის შემდეგაც გვითხრეს, ჩვენი პაციენტი არ არისო. თბილისში, ფსიქიატრიულში იყო წასაყვანი. ისევ ჩვენ, მეზობლებმა და მეგობარმა, გადავწყვიტეთ, წაგვეყვანა ფსიქიატრიულში და იქ ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ერთგან ადგილები არ ჰქონდათ, მეორეგან თანხა მოგვთხოვეს და ამან გამოიწვია, რომ დღეს პატარა ბავშვი დაიღუპა“, - ამბობს ლაშა ჟორჟოლიანი.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებს აკისრებს პასუხისმგებლობას დაკავებულის კიდევ ერთი მეგობარი დავით ქებულაძე.
„წესიერადაც არ შეამოწმეს. ყველაფერი გასაგებად უთხრეს, რომ რაღაცეები ვერ აქვს კარგად, რაღაცეებს ხედავს, ეჩვენება, ვიღაც დასდევს... ადგილები არ არისო. მერე გვერდზე შევედით, იქ დაველაპარაკეთ, რომ შველა სჭირდებოდა, გვითხრეს, რომ 3 000 ლარი იყო გადასახდელი. ჩვენ ვუთხარით, რომ ფულს ვიშოვიდით, მაგრამ გვითხრეს ვერ დავიტოვებთ, წინასწარ უნდა გადაიხადოთ. ასეთი კანონი არისო“, – ამბობს ქებულაძე.
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში ადასტურებენ, რომ 29 წლის მამაკაცი მათთან გუშინ საღამოს შეიყვანეს. მათი განმარტებით, მამაკაცი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ცენტრის დირექტორის ლაშა კილაძის განმარტებით, ნარკოლოგიურ დეპარტამენტს სტაციონარული მომსახურების გაწევა პაციენტის თანხმობის გარეშე არ შეუძლია. მისივე თქმით, იმის გამო, რომ მამაკაცი მკურნალობაზე უარს ამბობდა, მორიგე ექიმმა ფსიქიატრიულ დეპარტამენტში გადაამისამართა.
„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ნარკოლოგიური მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითია. არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელია გავუწიოთ მხოლოდ ფსიქიატრიული სტაციონარის პირობებში. ამის თაობაზე მას მიეცა ინფორმაცია. მოქალაქემ უარი განაცხადა სტაციონარულ მკურნალობაზე. მის თანმხლებ პირებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ მიემართათ ფსიქიატრიული სტაციონარისთვის, თუმცა ფსიქიატრიული სტაციონარისთვის ამ მოქალაქეს არ მიუმართავს და დატოვა ტერიტორია“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.
13 წლის ბავშვი რუსთავში, მე-8 მიკრო-რაიონში დღეს დილით მოკლეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დააკავეს.