გაეროს მონაცემებით, გლობალური მასშტაბით, 1961 წლის შემდეგ ადამიანის მიერ წელიწადში მოხმარებული ხორცის ოდენობა 20 კილოგრამით გაიზარდა და 2014 წლისთვის 43 კილოგრამი შეადგინა. ამასთან, ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში მცხოვრებლების მიერ მოხმარებული ხორცის ოდენობა უფრო მეტი - ერთ ადამიანზე წელიწადში საშუალოდ 80 კილოგრამია.
ევროპაში ხორცის მოხმარებით ესპანელები ლიდერობენ - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 94 კილოგრამი ხორცი მოდის. ესპანეთის შემდეგ ავსტრიაა (90.87 კგ), შემდეგ კი საფრანგეთი (86.76 კგ). აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საფრანგეთში ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული ხორცი 91.02 კილოგრამი იყო.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ხორცის მოხმარების უფრო დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს საშუალო შემოსავლით. მაგალითად, საშუალო სტატისტიკური რუმინელი წელიწადში ორჯერ უფრო ნაკლებ (49.4 კგ) ხორცს მოიხმარს, ვიდრე ესპანეთის მოქალაქე.
წლის განმავლობაში საშუალოდ ყველაზე ცოტა ხორცს მიირთმევენ ბოსნია-ჰერცეგოვინაში (32.21 კგ), აზერბაიჯანსა (31.1 კგ) და საქართველოში (27.89 კგ).
Euronews-ის მიხედვით, დასავლეთ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ის, რომ ადამიანები ხორცზე უარს ამბობენ. მაგალითად, სულ უფრო პოპულარული ხდება „ხორცის გარეშე ორშაბათი“. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ხორცის მიმართ შესაძლოა შეიცვალა, ევროპელები მაინც უფრო მეტ ხორცს მოიხმარენ, ვიდრე წლების წინ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში.